ომის პარტიამ ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები გამოაგორა - კობახიძე დასავლელ პარტნიორებზე

გამოქვეყნდა:

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბრატისლავაში პრემიერმინისტრის "უწყინარ და ლოგიკურ" განცხადებებს "აბსურდული" და "გაუგებარი" კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

კობახიძის თქმით, გლობალურმა ომის პარტიამ სცენაზე "ძველი და ახალი აგენტები გამოაგორა".

"გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მე მათ ვურჩევდი, მომავალში ნაკლებად გააშიშვლონ ხოლმე საკუთარი აგენტები. გამოაგორეს ძველი ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები, ახალი აგენტები. ლორა თორნტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს. ანუ ყველა გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველა გამოიყვანეს სცენაზე და ალაპარაკეს სრული აბსურდი იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა", - თქვა კობახიძემ.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილის განცხადებებს პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც პაპუაშვილმა Twitter-ზე ვრცელი განცხადება გაავრცელა. პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებულად და ინტერპრეტირებულად გავრცელდა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთს აკრიტიკებდა და წერდა, რომ "უფლება აქვთ ეჭვქვეშ დააყენონ ზოგიერთი მეგობრის კრიტიკა და დამოკიდებულება, რადგან საქართველოს მიმართ ბევრჯერ უსამართლო, თითქმის ფარისევლური მოპყრობა ჰქონდათ". 

განცხადებაში პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსის არმიღებაზე პასუხისმგებლობას ისევ დასავლეთს აკისრებდა და წერდა, რომ "საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, შევიდეს ნატოსა და ევროკავშირში, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი