ყველა თანხმდება, რომ ომის ერთ-ერთი მიზეზია ნატოს გაფართოება, ზელენსკის განცხადებაც იყო, რომის პაპისაც - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის მამუკა მდინარაძის თქმით, ერთადერთი საკითხი, რაზეც ცივილური სამყარო და რუსეთი თანხმდება ისაა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოებაა.

მდინარაძის მტკიცებით, მსგავსი შინაარსის განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტი და რომის პაპიც აკეთებდნენ.

"ერთადერთი საკითხია, რომელზეც თანამედროვე ცივილიზებული სამყარო თანხმდება და მას ამ საკითხში რუსეთიც კი ეთანხმება, რომ რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და იბრძვის ამის წინააღმდეგ და ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის აწარმოებს საოკუპაციო ომს. არის სხვა მიზეზებიც, მათ შორის, დიახ, უნდა იმ ქვეყნების გაქრობა, რომელიც მისთვის ბუფერს წარმოადგენენ და შეიძლება ეს ასე აღარ იყოს, აქაც შეიძლება NATO გაფართოვდეს, ეს ქვეყნები შეიძლება გახდნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, ესეც აღიზიანებს და ამის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ვუდასტურებ თითოეულ სიტყვას საქართველოს პრემიერმინისტრს, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის NATO-ს გაფართოება და ამას ადასტურებს ცივილიზებული სამყაროს ყველა წარმომადგენელი და ამ საკითხს რუსეთიც კი არ უარყოფს. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ეს საკითხი მან თავიდანვე დაასახელა, რომ ის იბრძვის NATO-ს გაფართოების წინააღმდეგ. არის საკითხები, რომელიც უდავოა და ეს უდავო საკითხები თქვენ და გლობალური ომის პარტიის ყველა აგენტმა გამოიყენა ანტიქართული პიარისთვის.

[...]მე მგონი, დღეს მსოფლიოში ომთან დაკავშირებული ერთადერთი საკითხია, რაზეც ყველა თანხმდება, ოკუპანტიც და ვინც ამ ოკუპაციისგან თავს იცავს, ზელენსკის განცხადებაც იყო ამასთან დაკავშირებით, რომის პაპის განცხადებაც", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ, GLOBSEC-ზე უკრაინაში რუსეთის ომის მიზეზების კონტექსტში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა. მისი თქმით, არაპროვოცირებული ომი რუსეთმა დაიწყო და უკრაინაში უმიზეზოდ შეიჭრა.

"აქ, GLOBSEC-ში, გავიგე, რომ რომ თქვენ განიხილავდით ამ ომის მიზეზებს. ასე რომ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი. უმიზეზოდ, იგი შეიჭრა უკრაინაში, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან. რუსეთი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე. მაგრამ უკრაინელების ნებამ, იბრძოლონ და იყვნენ თავისუფლები, გააოცა მსოფლიო", - თქვა ლაიენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი