აშშ-ს პრეზიდენტი ლიბანში მომხდარი აფეთქების შესაძლო მიზეზად თავდასხმას განიხილავს და ოფიციალურ ბეირუთს კვალიფიციურ გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსნები მომხდარის დეტალების გარკვევას უახლოეს საათებში დაიწყებენ.
მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და ლიბანელ ხალხს სამძიმრის წერილს ვუგზავნით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანია დაღუპული, კიდევ უფრო მეტი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარის შესახებ შეხვედრა მქონდა სამხედრო მაღალჩინოსნებთან და მითხრეს, რომ ეს საწარმოს აფეთქებას არ ჰგავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საზარელი თავდასხმაა. აშშ მზად არის, ლიბანელ ხალხს დახმარება აღმოუჩინოს, - განმარტავს თეთრი სახლის ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ ბეირუთში, პორტში მომხდარ აფეთქებას 100-მდე ადამიანი ესხვერპლა, 4000-მდე კი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზი პორტის საწყობში შენახული ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა.