
თბილისის მერი ბოდიშს იხდის, საზოგადოება კი მიიჩნევს, რომ კახა კალაძე პასუხისმგებლობას გაურბის.
კალაძემ დღეს საჯაროდ აღიარა, რომ განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე მართლაც უამრავი პრობლემაა, თუმცა ამაში კონკრეტული პარტნიორები დაადანაშაულა.
ბოდიში საქმეს ვერ გამოასწორებს მით უმეტეს, როცა წინ გველოდება სექტემბერი, სასწავლო წლის დაწყება, რაც დამატებისადამიანების მობილიზებას გამოიწვევს ჭავჭავაძის გამზირზე. ამიტომ, ამ ბოდიშს ახლა რეალური ქმედებები უნდა მოყვეს, - ამბობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი მძღოლები კი უკმაყოფილონი არიან შექმნილი საცობებით და დედაქალაქის მერს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გასული წლის 4 მარტს შედგა. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად 3 თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე დიდხანს გაგრძელდა. ხოლო 1 აგვისტოს, არასამუშაო დღეს, ცენტრალური გამზირის პარალიზებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
ამის შემდეგ თბილისის მერიამ განახლებული ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილების სქემა გამოაქვეყნა. მერიის ინფორმაციით, ავტობუსები სპეციალურად გამოყოფილ გზის შუა ზოლში, ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებენ, გამზირიდან მარცხნივ მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება კი აიკრძალება.