სასამართლოსთან დაკავებული ექიმების მხარდასაჭერად მათი კოლეგები შეიკრიბნენ

გამოქვეყნდა:

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის გიორგი ლობჟანიძისა და ექიმ ვახტანგ ყიფიანის სასამართლო პროცესი 1 საათში გაიმართება, მანამდე კი სასამართლოსთან ექიმები შეიკრიბნენ და დაკავებულ კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუღებელია ის ფორმაც, როგორც ექიმების დაკავება მოხდა. სასამართლოსთან შეკრებიული მედიკოსები აცხადებენ, რომ არცერთი მათგანი გამოძიებისგან არ დამალულა. 

ჩვენი კოლეგა დააკავეს სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო. ეს საქმე, რომელიც თითქოს 2 წელია მიმდინარეობს, რომელზეც 2019 წლის მარტში ჯანდაცვის სამინისტრომ რაღაც დადგენილება გამოიტანა, რომელიც, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასწორი, - ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

მისი თქმით, ექიმის დაკავება ღამის 10 საათზე, ბავშვებთან ერთად კვარიათში ყოფნისას, მიუღებელია.  

დღეს, 5 აგვისტოს განცხადება გაავრცელა თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომაც და პროკურატურის ბრალდებებს აბსურდული და მიუღებელი უწოდა.  

გამოძიების ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ 25 წლის ქალს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული მედიკოსების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაუტარეს. შეცდომით ჩატარებული 2 ოპერაციის შემდეგ, 25 წლის პაციენტი თითქმის ორი წელიწადია, კომაშია. საქმეზე ბრალი მესამე პირსაც აქვს წარდგენილი, თუმცა დაუსწრებლად, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.

ექიმების ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. 

ნათია ცირეკიძის ადვოკატის გაიოზ ჩარკვიანის მტკიცებით, კი ექიმებს შესაბამისი ოპერაციის ჩატარების ლიცენზია და სერთიფიკატები არ გააჩნიათ.

ოპერაციის ჩამტარებელ ექიმს გამოძიება თაღლითობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას ედავება. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს კი, ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი