პროკურატურამ ხელვაჩაურში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
შემთხვევა 2 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მოხდა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით, ძმას დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.