2019-2021 წლებში ხელბურთის ფედერაციის ანგარიშიდან გამოტანილი 451 256 ლარი გახარჯულია სალაროს ოპერაციების გვერდის ავლით - აუდიტი

გამოქვეყნდა:

დაუდასტურებელი ხარჯები ხელბურთის ეროვნულ ფედერაციაში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2019-2021 წლებში ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გახსნილი ბიზნესბარათის გამოყენებით, ფედერაციის საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გამოტანილი 451 256 ლარი გახარჯულია სალაროს ოპერაციების გვერდის ავლით, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. 

დასკვნით, ასევე, ირკვევა, რომ ფედერაციის საბანკო ანგარიშიდან სატრანსპორტო მომსახურების ანაზღაურების მიზნით გადარიცხულ 53 230 ლარის ტრანზაქციებზე არ არსებობს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები;

"რიგ შემთხვევებში, სამივლინებო თანხები არ იხარჯება სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად. 2019-2020 წლებში სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების მიზნით გაცემულ 13,380 ლარზე არ არსებობს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები", - წერია დასკვნაში.

აუდიტი ამბობს, რომ ფედერაციის პრეზიდიუმის მიერ ფედერაციის საქმიანობაზე წესდებით გათვალისწინებული კონტროლი სათანადოდ არ ხორციელდება, კერძოდ:

  • პრეზიდიუმის მიერ ფედერაციის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და შესაბამისად ყრილობის მიერ დამტკიცება არ განხორციელებულა. საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში ფედერაციის თანამდებობის პირთა და დამხმარე პერსონალის საშტატო ერთეულები არ განსაზღვრულა და სახელფასო ფონდი 2019 წელს არ დამტკიცებულა;
  • ყოველი წლის ბოლოს ფედერაციის ფინანსური მდგომარეობის განხილვა, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება, დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევა და ფედერაციის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმება 2019-2020 წლებში არ განხორციელებულა;

შემოწმებამ აჩვენა, რომ არ არსებობს სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა, არ წარმოებს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება, არ არის აღრიცხული ფედერაციაში არსებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, არ ჩატარებულა აქტივებისა და მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია.

"აუდიტის პერიოდში ჩატარებული მატერიალურ ფასეულობათა აღწერით გამოვლინდა 73 სხვადასხვა დასახელების, 98 ერთეული ბუღალტრულად აღურიცხავი მატერიალური ფასეულობა", - წერია დასკვნაში.

აუდიტი ამბობს, რომ ფედერაციის მიერ სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა რიგ შემთხვევებში ხორციელდებოდა ბაზრის კვლევის და, შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის/შეფასების გარეშე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი