
დედაქალაქის მერი ბოდიშს უხდის მძღოლებს, ვისაც შაბათს ჭავჭავაძის გამზირზე საცობში დგომა მოუწია. კახი კალაძე, რომელიც რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირს ყველაზე მოდერნიზებულ ადგილად მიიჩნევდა. ახლა აღიარებს, რომ ეს მისი ახირება არ იყო. თბილისის მერი თვლის, რომ ჭავჭავაძის ახალი გამზირის რეაბილიტაციის დროს შეცდომა დაუშვა და ამის გამო ყველა მძღოლს, ვისაც საცობში დგომა მოუწია ბოდიშს უხდის.
კახი კალაძის ოპონენტები ფიქრობენ, რომ ბოდიშის მოხდით მერს პასუხისმგებლობაზე თავის არიდება არ გამოუვა. ოპოზიციაში მერის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციამდე სპეციალურ სამსახურებს არ ჩაუტარებიათ, არც ურბანული და არც სატრანსპორტო კვლევა. ოპოზიციის წევრების მტკიცებით, ისინი აფრთხილებდნენ მერს მოსალოდნელი სატრანსპორტო კოლაფსის შესახებ, თუმცა უცხოელი ინვესტორების იმედად დარჩენილმა მერმა რჩევა არ გაითვალისწინა და ახლა ცდილობს პასუხისმგებლობა სწორედ, უცხოელ პარტნიორებს დააკისროს.
კახა კალაძის ბოდიშს არ იღებენ არც მძღოლები, რომლებისთვისაც ჭავჭავაძის გამზირი გაუვალი თავსატეხი გახდა. ამის გამო თბილისის მცხოვრებლებს მერის კომპეტენციაში ეჭვი ეპარებათ.
მძღოლები უარესის მოლოდინში არიან. თუ ასეთი საცობებია აგვისტოში, როცა ქალაქი ყველაზე მეტად განტვირთულია, არავინ იცის, რა მოხდება სექტემბერში, როცა თბილისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და სწავლაც დაიწყება.
ავტორი: საბა ბუაძე