
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ ადასტურებს, რომ 9 ივნისს გერმანიაში კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრა ბრატისლავაში მის გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვას ღარიბაშვილმა თავდასხმით უპასუხა და მედიის წარმომადგენელს ურჩია, "ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქროს". ღარიბაშვილი წყობიდან გამოიყვანა შეკითხვამ - დაიბარეს თუ არა ის ბერლინში:
"მე არ მინდა ამაზე გიპასუხოთ, თვალყურს ვადევნებდი თქვენს ამ პროვოკაციულ ქმედებებს. რამდენად ანტისახელმწიფოებრივია ჯერ ერთი თქვენი განცხადება, ანტიეროვნული, მაგრამ მე მესმის, რომ რომ თქვენ დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ. ერთი რამ მინდა ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ თქვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მანიშნებს, რომ თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ, გაუბედურებული ხართ, თქვენ და თქვენი დამკვეთები. მინდა გირჩიოთ, პირველ რიგში, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური ბინძური დავალებები", - თქვა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ვიზიტს, ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ შოლვმა ის "მიიწვია" და შეხვედრაზე საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეეხება.
"გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ. ომის გავლენებზე, რომელიც რა თქმა უნდა ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოს, რომელიც პირველი მსხვერპლი იყო და ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ის უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან, მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი, შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, მისი მიწვევით. და მე მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში, გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ მე მადლიერი ვარ და შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შედეგებს,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის გერმანიაში 9 ივნისს მიდის.
იხილეთ: