ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა ჩამოთვალა ის მიზეზები, რატომ ჩამორჩება საქართველო უკრაინასა და მოლდოვას და რატომაა 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით პროგრესი ზედაპირული
"საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება არა იმიტომ, რომ რუსული ჯარების სოხუმიდან განდევნა ვერ მოახერხა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სასამართლო საქმეებია და მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ არის, იმის გამო, რომ არსებობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ძალადობის ფაქტები, იმის გამო, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენას იყენებს დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, იმის გამო, რომ უცხოელი აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, იმის გამო, რომ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტ თემის უფლებების დაცვა შეადარა უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე, იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებაა და ხელისუფლებას ჯიუტად არ სურს შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, ასევე იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთთან პირდაპირი ფრენები გაიხსნა.
წლების წინ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი იყო. ფაქტია, რომ პროგრესი 12 პრიორიტეტის მიმართულებით არის არასრული და ხშირად ზედაპირული. შედეგად, საქართველო დღეს ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას ბევრ საკვანძო საკითხში "განაცხადა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომაზე, სადაც საქართველოს მხრიდან, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მსჯელობენ.