საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონსი ეროვნული ბანკის კანონზე დაანონსებულ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა და "ოცნებას" მოუწოდა, არ დაამტკიცოს სებ-ის კანონში ცვლილებები.
ჯეიმს ჯონსის კომენტარს BMG ავრცელებს.
ჯონსი წერს, რომ ვეტოს დაძლევამ შესაძლოა შეარყიოს პროგრესი, რომელსაც საქართველომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში მიაღწია.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ–ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას
საქართველოს ეროვნული ბანკი, ჩვენი შეფასებით, დღემდე ეფექტიანად მუშაობს პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედი შემსრულებლის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, იმ ცვლილებების მიღებამ, რომელზეც დღეს ვეტოს ძალა ვრცელდება, შესაძლოა, არა – გააძლიეროს, არამედ, პირიქით, შეამციროს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც სტაბილურობის ღუზის როლი. ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, სებ–ი საქართველოში საკვანძო ინსტიტუციაა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიფიქროს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და არ დაამტკიცოს სებ–ის კანონში ცვლილებები, რათა, მათ შორის, ხელი შეეწყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განგრძობად პოზიტიურ და ძლიერ თანამშრომლობას მიმდინარე შეთანხმების ფარგლებში", - თქვა ჯეიმს ჯონიმ BMG-სთან.
მას შემდეგ, რაც კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, "ოცნებამ" გადაწყვიტა, შემოიღოს პირველი პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო და განაცხადა რომ ხელისუფლება ეროვნულ ბანკზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდა. მმართველ პარტიას კონსულტაციები ჰქონდა პრეზიდენტთან რომ ზურაბიშვილს სებ-ში პრეზიდენტის პოსტზე მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. თუმცა ეს შეთავაზებაც ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისთვის სარისკოდ მიიჩნია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას ხელს უშლის და ვეტოს დაძლევა სწორედ მიმდინარე კვირაში მოხდება.