
საავტორო უფლებების ასოციაციის ბრალდებებს, რომ კომპანია "გერა" რუსული გავლენების ქვეშ არის, კატეგორიულად უარყოფენ კომპანიის წარმომადგენლები. მათ დღეს საქართველოს პარლამენტთან ხელოვანებთან ერთად აქცია გამართეს.
მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი დამტკიცდეს და "გერას" მიეცეს სრული უფლება, რომ არტისტების კუთვნილი ჰონორარი შეკრიბოს და გაანაწილოს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კითხვები "გერას" რუსული წარმომავლობის შესახებ მათი ინტერესის სფერო არ არის და მათ ბრალდებები თავად აქვთ გიგა კობალაძისა და საავტორო უფლებების ასოციაციის მიმართ, რადგან ისინი კუთვნილ ჰონორარს წლების განმავლობაში არ უხდიდნენ ხელოვნების.
"უაღრესად პატივცემული ხალხის სახელით, მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ თითქოს ბოლომდე არ მიდის ეს ჩვენი საქმე და დღეს მოსულები ვართ სწორედ აქ, სწორედ ამის გამო, რომ ვთხოვოთ მთავრობას, ჩვენი ინტერესები ბოლომდე დაიცვას და სინამდვილე აისახოს და დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნები. სულ რამდენიმე ხნის წინ აუდიტმა დაამტკიცა ის, რასაც ჩვენ აქამდე ვამბობდით," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რუსა მორჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საავტორო უფლებების ასოციაციამ ბრიფინგი გამართა, სადაც მათ კომპანია "გერას" რუსული გავლენების შესახებ ისაუბრეს. როგორც გიგა კობალაძე ამბობს, "გერა" არის კომპანია, რომელიც რუსეთის ფედერაციას სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი