პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.
როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა, ხოლო ავტობუსებისთვისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან.
"მინდა ავხსნა უფრო კონკრეტულად, რომ აღნიშნული თარიღიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტისთვის შემოსულ ავტომანქანებს," - ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ რეგიონში არცერთი ქვეყანა აღარ დარჩა, რომელიც ევრო 5-ის სტანდარტზე არ გადავიდა, მათ შორის სომხეთი, აზერბაიჯანი.
მისივე თქმით, ინიციატივის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში რეგულარულად მოახდენს ჰაერის ხარისხის გაზომვასა და მონიტორინგს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების ორი უმთავრესი წყარო არის მყარი ნაწილები და აზოტის ორჟანგი, რომელსაც მოძველებული ავტოტრანსპორტები ყველაზე ხშირად გამოყოფენ.