
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ მიღებული დასკვნა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის დასკვნასთან.
როგორც კობახიძე ამტკიცებს, ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა, ხოლო ევროკომისია კი პირიქით, ამბობს რომ პერსონალიზებული მიდგომა საჭიროა.
კობახიძის განმარტებით, მმართველი პარტია კანონპროექტის სამი მოსმენით მიღებას აპირებს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ ევროკომისია და ვენეციის კომისია ერთმანეთში შეთანხმდებიან.
"არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიას შორის, თუ ისინი ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისა, ჩვენ გავაკეთებთ იმას რასაც გვეტყვის ევროკომისია. მაგრამ დღეს ევროკომისია გვეუბნება ერთს, ვენეციის კომისია კი გვეუბნება მეორეს და რა იგულისხმება ამაში: კერძოდ, ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. რაც შეეხება ევროკომისიას ის ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ და ის საუბრობს დეოლიგარქიზაციაზე. თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ანუ გამოდის რა, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ მათ არ მოსწონთ პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისათვის, ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედების ვადას პირველ მარტამდე, თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში თებერვალში გაუქმდება ჩვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ თუ ევროპის კომისია არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის მიღებას," - ამბობს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენეციის კომისიამ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით კომისია საქართველოს არ უწევს რეკომენდაციას, რომ კანონპროექტი პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცოს.
ვენეციის კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინისა და საქართველოს და მოლდოვას კონტექსტი ერთმანეთისგან განსხვავებულია და საქართველოს არ გამოადგება ის მიდგომა, რომელიც უკრაინაში იყო.