
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დაძლევის კენჭისყრა პარლამენტში 7 საათზე იქნება, იქამდე კი დეპუტატებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მისი საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცნობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ, არ დაძლიონ ვეტო. მსხილაძე ამბობს, რომ ამ კანონის ამოქმედებით საფრთხე შეექმნება სებ-ის დამოუკიდებლობას.
გარდა ამისა, მსხილაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პრეზიდენტის მიმართ შანტაჟსა და ზეწოლაზე, თუმცა დეტალებზე არაფერი უთქვამს.
ამასთან დაკავშირებით, შეკითხვები პრეზიდენტთან ოპოზიციონერებს აქვთ და აინტერესებთ, რას ითხოვდა მისგან მმართველი პოლიტიკური პარტია და ჰქონდა თუ არა ადგილი შანტაჟს
"რაც შეეხება შანტაჟთან და ზეწოლასთან დაკავშირებით, მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად. რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე, ალბათ ამას თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს.
ობიექტური საჭიროებები ამ კანონის ამ ფორმით მიღების ნამდვილად არ არსებობს დღის მდგომარეობით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვეტოს დაძლევით ნამდვილად ექმნება საფრთხე ისეთი კონსტიტუციური ორგანოს დამოუკიდებლობას როგორიცაა ეროვნული ბანკი, ამიტომ გთხოვთ, პრეზიდენტის შენიშვნები გაითვალისწინოთ და ვეტო არ იყოს დაძლეული" მიმართა დეპუტატებს მსხილაძე.
თუმცა, "ოცნება" არ აპირებს პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებას. ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონი უკვე შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით ამოქმედდება.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის, ვეტო დაადო.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის დროს, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ, მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.
საქმე იმაშია, რომ ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში არ წარადგენს ფინანსთა მოქმედ მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელსაც "ოცნება" ლობირებდა და ბანკის პრეზიდენტად ამზადებდა. ამის პასუხად, მმართველი პარტია კანონს ისე ცვლის, რომ ახალ ვიცე- პრეზიდენტად საბჭოში მისთვის მისაღები პირი დააწინაუროს.