
81 მომხრე, 2 წინააღმდეგი - ვენეციის კომისიის კრიტიკის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო.
ცნობილია, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკითხი კენჭისყრაზე დაუგეგმავად გამოიტანა.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, "ოცნებამ" პარლამენტში ინიცირებული, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი არ მიიღოს. დოკუმენტში წერია, რომ სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.
ვენეციის კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინისა და საქართველოს და მოლდოვას კონტექსტი ერთმანეთისგან განსხვავებულია და საქართველოს არ გამოადგება ის მიდგომა, რომელიც უკრაინაში იყო.
"ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ იქნას მიღებული. საქართველოს ხელისუფლებამ კი ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად:
1. განახორციელოს არსებული სისტემური ღონისძიებების სიღრმისეული და ყოვლისმომცველი ანალიზი, ასევე საქართველოს ნაკლოვანებები სტრუქტურის, უფლებამოსილებებისა და კოორდინაციის თვალსაზრისით;
2. შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც მოიცავს:
- ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას;
- მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და პრევენციას GRECO-ს რეკომენდაციების შესაბამისად;
- სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;
- მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელების გამჭვირვალობის გაძლიერებას;
- ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომ გაძლიერებას, ასევე იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობას... დროულ და ეფექტურ ხელმისაწვდომობას სასარგებლო საკუთრების ინფორმაციაზე, MONEYVAL-სა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;
- პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების გაძლიერებას; ასევე, არსებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;
- საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესებას, - წერია დოკუმენტში.
იხილეთ ასევე: