დეოლიგარქიზაციაზე ვენეციის კომისიასა და ევროკომისიის მოსაზრებებში წინააღმდეგობაა - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიასა და ევროკომისიას შორის "გარკვეული წინააღმდეგობაა".

პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართული კანონპროექტი უკრაინულის ანალოგია, რომელიც ევროკომისიამ მოიწონა და უკრაინას მისი იმპლემენტაცია დაავალა.

"ჩვენ ვნახეთ, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობა ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის პოზიციებს შორის. ამ საბოლოო დასკვნაში ახალია არაფერი იყო, შუალედურ დასკვნაშიც იგივე პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული ვენეციის კომისიას. აქ არის რამდენიმე საკითხი მთავარი, პირველი, ვენეციის კომისია თავადვე აღიარებს, რომ ეს საკითხი მისთვის სიახლეა. საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი ამიტომ დასკვნაც არის პირველი და ექსპერიმენტული გარკვეული მხრივ ამიტომ ეს პირველადი მოსაზრებებია ზოგადად ამ სფეროსთან დაკავშირებით.

მეორე, ჩვენ ვნახეთ, რომ მაშინ როცა კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდა უკრაინისთვის ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმებიან ამ კანონის მიღებას და მოუწოდებენ უკრაინას, რომ ეს კანონი გაატარონ ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნების გათვალისწინებით. ჩვენ აქედან გამომდინარე ვხელმძღვანელობდით, რომ ერთი რომ ევროკომისიამ მოიწონა კანონი და მთავარი რეკომენდაცია უკრაინის მიმართ იყო ამ კანონის იმპლემენტაცია და მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის პირველადი მოსაზრება გაზაფხულზე იყო ცნობილი, ახლა საბოლოო მოსაზრებაც ცნობილია, ვთქვათ ვენეციის კომისიის დამოკიდებულება პერსონიფიცირებულ მიდგომაზე. მიუხედავად, ამისა უკრაინის მიმართ დღემდე არაა ევროკომისიის მიმართ მოწოდება, რომ ეს კანონი გააუქმონ, ამ მხრივ გარკვეული წინააღმდეგობაა ვენეციის კომისიასა და ევროკომისიის მოსაზრებებს შორის", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით გუშინ, 13 ივნისს მაშინ მიიღო, როცა ოპოზიცია სხდომას აღარ ესწრებოდა. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ განხილვა მოულოდნელი არ ყოფილა და კენჭისყრა დღისწესრიგში იყო.

შეგახსენებთ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, და კანონის მიღებას რეკომენდაციას არ გაუწია.

დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ  სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი