ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

გრიგოლ ნარსიას, რომელიც ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და 10-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა, სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მიიღო. 

შემთხვევა 2022 წლის 20 სექტემბერს მოხდა. ნარსია 9-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. ის ბანკში სამხედრო უნიფორმით და ნიღბით შევიდა, თან ჰქონდა ხელყუმბარა, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, დანა და ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

თავდამსხმელი ითხოვდა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი. მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა. 

დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

     

    მთავარი 11:00
    უყურეთ ბოლო გამოშვებას

    იხილეთ ჩვენს ეთერში

    დღის მთავარი