
90 წლის პოზნერისთვის კვერცხებით დევნა ღირსების მაჩვენებელი არ არის - აცხადებს "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი და პრობლემას ვერ ხედავს იმ ჩანაწერში, რომელიც გუშინ "კიბერ კმარამ" გაავრცელა და სადაც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურა აბაშიძე ქართველებს ლანძღავს, კრემლის პროპაგანდისტს კი ბოდიშებს უხდის იმის გამო, რომ ის თბილისიდან გააგდეს.
ვოლსკი პოზნერის ასაკზე აპელირებს და ამბობს, რომ საქართველოში რუსულ საქმეს ნაცმოძრაობა აკეთებს "თავის ტელევიზიებით". ვოლსკი აბაშიძე/პოზნერის სატელეფონო ჩანაწერს "დაჩეხილს" უწოდებს:
"90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია რომ 90 წლის კაცის და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის, რომელიც თქვენ პროპაგანდაში გყავთ გამოყენებული, ყოფნის მიუხედავად, კვერცხებით დევნა, არ არის ჩვენი ნაციისთვის დამახასიათებელი ღირსების მაჩვენებელი" ამბობს ვოლსკი.
სკანდალურ აუდიოჩანაწერს, რომელიც ზურაბ აბაშიძისა და კრემლის პროპაგანდისტის, მარკ ზილბერკვიტის სატელეფონო საუბარს ასახავს, რუსეთთან ურთიერთობების საკითხში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ინტერპრესნიუსთან საუბარში ფეიკს უწოდებს, თუმცა "მთავრის" ზარებს არ პასუხობს.
აუდიოჩანაწერი, 2021 წლის 1 აპრილით თარიღდება. ეს ის დღეა, როცა საქართველოს კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი ამალა სტუმრობდნენ. სტუმრებს შორის თავად ზილბერკვიტიც იყო.
ჩანაწერი "კიბერ კმარამ" გაავრცელა.
ცნობისთვის, იმავე წყარომ თავს დროზე გაავრცელა ივანიშვილი-ევტუშენკოვის საუბარი, რომლის ავთენტიკურობა ოცნებას კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დაუყენებია. იმავე წყარომ გაავრცელა აბაშიძე-კარასინის ჩანაწერიც, სადაც ღარიბაშვილის წარმომადგენელი რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის გაჭრაზე საუბრობს. არც იმ ჩანაწერის ავთენტიკურობა აბაშიძეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.