ფეიკი თუ გაგივრცელეს, გადასადგომია, აბა რა - მდინარაძე აბაშიძის ჩანაწერზე ხუმრობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩევლის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით ხუმრობს და ამბობს, რომ როცა "ფეიკს" გივრცელებენ, უნდა გადადგე. 

საუბარია გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელიც 2021 წლით თარიღდება და რომლის მიხედვით პოზნერის საქართველოდან გაგდების შემდეგ, აბაშიძემ დაურეკა კრემლის პროპაგანდისტს, მარკ ზილბერკვიტს, რომელიც თბილისში პოზნერთან ერთად იმყოფებოდა და ქართველები გალანძღა. აბაშიძე რამდენიმეწუთიან ჩანაწერში, პოზნერს პირადადაც უხდის ბოდიშს. ჩანაწერი 14 ივნისს "კიბერ კმარამ" გაავრცელა.

"უნდა გადადგეს, უნდა გადადგეს აუცილებლად, როგორც კი ფეიკს გაგივრცელებენ, დაგიმონტაჟებენ, თვითონ თქვა, რომ ფეიკი იყო, უნდა გადადგეს, თქვენი ნარატივი ეს არის და წამოგყვებით, ვიხუმრებ, ფეიკი თუ გაგივრცელეს, გადასადგომია კაცო, აბა რა", - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტს.

მისივე თქმით, აბაშიძეს ნამდვილად ენდობა და სჯერა იმის, რაც თქვა, რომ საუბარი შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული ფეიკია.

"თან არარელევანტური ადამიანია მეორე მხარეს, ვისაც შეიძლება ასეთ თემებზე ელაპარაკებოდეს, სულ რომ დავიჯეროთ, რომ ფეიკი არ არის, და იმდენი გაურკვევლობაა. [...] მე ვნახე განცხადება აბაშიძის, სადაც თქვა, რომ შინაარსი არის დამონტაჟებული, როგორც ჩანს გადანაცვლებული წინადადებები, ფრაზები, სიტყვები თუ არ ვიცი, შესაბამისად, დაუჯერებელი არაფერია. სულ რომ ისე იყოს იქ საუბრები არის როგორც მე ვიცი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას აფასებს ცუდად, მეც ცუდად ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც ფსევდო რაღაც გაბრაზებების ავტორები არიან", - ამბობს მდინარაძე. 

მისივე თქმით, ბოდიში მმართველ გუნდს არავისთვის შეუთვლია და თავისი ინიციატივით ზურაბ აბაშიძე ბოდიშს არ მოიხდიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი