მაშინ, როცა აშშ-ში ვარწმუნებდი, ინვესტიციები განეხორციელებინათ, პოლიტიკოსები და მედია ამტკიცებდნენ, რომ კადიროველებს ვუმასპინძლეთ - რიჟვაძე

გამოქვეყნდა:

მაშინ როცა მე ვარწმუნებდი ჩვენს პარტნიორებს, რომ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ როგორც საქართველოში, ასევე აჭარაში, მთელი რიგი პოლიტიკოსები და მათთან დაკავშირებული მედია ამტკიცებდნენ, რომ კადიროველ მებრძოლებს ვუმასპინძლეთ - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში, მისი მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

რიჟვაძე ამტკიცებს, რომ "მტრული მოწოდებებით", ცდილობდნენ აშშ-ში ვიზიტის ხელი შეშლოდა: 

"ამერიკაში მივიღეთ ძალიან პრესტიჟული, საერთაშორისო აღიარება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საქმეს, რომელსაც თითოეული ჩვენი გუნდის წევრი მუხლჩაუხრელად აკეთებს ამ რეგიონისთვის. სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რომ საერთაშორისო აღიარებასთან მიმართებაში ერთსულოვნები არ ვართ. იმ დროს როცა ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით, პირდაპირი, მტრული მოწოდებები და გზავნილები მიდიოდა, რომ მაქსიმალურად ხელი შეშლოდა ამ ვიზიტს. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი პარტნიორები, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე ამერიკელი პარტნიორები დაგვერწმუნებინა, რომ საქართველო რჩება მათ სტრატეგიულ ერთგულ მოკავშირედ, და მაშინ როცა მე ვარწმუნებდი ჩვენს პარტნიორებს, რომ კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ როგორც საქართველოში, ასევე აჭარაში, ბათუმში, ამ დროს დამაჯერებლობით მიდიოდა მტკიცება მთელი რიგი პოლიტიკოსების და მათთან დაკავშირებული მედიის მხრიდან, რომ თითქოს ჩვენ კადიროველ მებრძოლებს ვუმასპინძლეთ.

მინდა გითხრათ, რომ ესეც არის იმ ნარატივის გაგრძელება, რასაც თქვენ აკეთებთ უკვე 19 წელია,  შესაბამისად გამოცდილებაც უკვე ძალიან დიდი დაგიგროვდათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი მთავარი დასავლური მისწრაფებები რაც არის, საქმით დავამტკიცოთ. იცით, რომ ამ ვიზიტის პარალელურად, ყოველ დღიურ რეჟიმში ვმუშაობდით, რომ ის სანუკვარი მიზანი, რომელიც არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს მოვიდეს სრულ მოქმედებაში.

 „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა. დარწმუნებული ვარ ხალხი ამას ჯეროვნად აფასებს. გავაგრძელებთ წინ სვლას, როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ასევე მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს იმ სამშვიდობო პოლიტიკის დამსახურებით, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება პრემიერ მინისტრის და მთლიანად სახელისუფლებო გუნდის მეშვეობით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გამთლიანებას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ აჭარა დარჩეს წარმატების მაგალითად ყველასთვის, ეს ეხება მიღწევებს ეკონომიკის მიმართულებით, ეს ეხება ჩვენს საერთაშორისო აღიარებებს და სწორედ ამ წარმატების ისტორიით ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ კიდევ უფრო წარმატებული და ძლიერი, დამოუკიდებელი და კიდევ უფრო მეტად ევროპული“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. [აჭარის ტელევიზია]

ცნობისთვის, 3 ივნისს სოციალური ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება რუსულნომრიანი ესკორტი ქვეყნის მასშტაბით. ესკორტი, სავარაუდოდ, რამზან კადიროვის გარემოცვის წევრის, ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეგ ახმედხანოვისაა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი