
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ "ლაჩრულად წაგებულ" ომში ის სამხედროდ და მთავარსარდლად წოდებული ადამიანები იგულისხმა, რომლებმაც "გმირულად დაღუპული ბიჭების ბრძოლის ველზე" ცხედრები მიატოვეს.
"თორნიკე რიჟვაძემ ძალიან კარგად იცით რა იგულისხმა ამაში. მთავარსარდალი, რომელმაც სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს თვალწინ და იქვე სტუმრის თვალწინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალწინ იხოხიალა მიწაზე, როდესაც შორიდან თვითმფრინავის ხმა შემოესმა.
სამხედროებად წოდებულმა ადამიანებმა და მთავარსარდლად წოდებულმა ადამიანებმა მიატოვეს ცხედრები. გმირულად დაღუპული ბიჭების ბრძოლის ველზე. ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ, ეს ლაჩრები იგულისხმა ვინც ეს გააკეთა," - ამბობს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 2008 წლის ომზე ისაუბრა და მას "ლაჩრულად წაგებული ომი" უწოდა. რიჟვაძის ამ რეპლიკას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში.