
არანაირი კითხვა არ დასმულა საქმეზე - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დასმული შეკითხვები.
ილია დარჩიაშვილს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ.
მან გამოსვლის ბოლოს, სალომე სამადაშვილის მისამართით გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ის "წითლიძის ლიგაში" გადავიდა:
ქალბატონი სალომე მეგონა, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით რაღაცას გამოხატავდა, მაგრამ მივულოცავ მას, გადაეცით, ქალბატონი წითლიძის ლიგაში გადასულა საგარეო პოლიტიკის შეფასების ნაწილში- თქვა დარჩიაშვილმა, რასაც "ოცნების" დეპუტატების მხრიდან დარბაზში ტაში მოჰყვა.
დარჩიაშვილმა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების დაზიანებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პოლარიზაციის დასაძლევად მხოლოდ ხელისუფლება მუშაობს, ოპოზიცია კი პირიქით, აღრმავებს მას:
"რომ კითხოთ, ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციის დასაძლევად ჩვენი ოპონენტები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ხშირად ესაუბრებიან მათ დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე, ისევე როგორც ჩვენ. ეს არის დეპოლარიზაციის მცდელობა, ჩვენ აქ ვართ, გესაუბრებით და თქვენ არ ხართ საერთოდ, არც გინდათ მოსმენა და არც აპირებთ" თქვა დარჩიაშვილმა ოპოზიციის მისამართით.
შეგახსენებთ, "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს შეკითხვა დაუსვა და მოუწოდა, გაეკეთებინა განმარტება პროპაგანდაზე, თითქოს ევროკავშირი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს. სამადაშვილის ამ შეკითხვას გია ვოლსკიმ, დარბაზიდან რეპლიკით უპასუხა.