ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ? - ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილთან ამჯერად ამ თემაზე ვერ თანხმდება. ოცნებამ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში მიუხედავად პრეზიდენტის წინააღმდეგობისა, ცვლილებები შეიტანა. ამით საკუთარი გავლენები უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ინსტიტუტში კიდევ უფრო გააძლიერა.
ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მწვავე შეფასებები მოჰყვა. ფონდის წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ გაოგნებულია საქართველოს გადაწყვეტილებით და შიშობენ , რომ მმართველი გუნდი ცდილობს ყველა გზით გააკონტროლოს ფინანსური უწყება. ამ მძიმე განცხადებას კი, ახლავს შიში, რომ შესაძლოა სავალუტო ფონდმა საქართველოს შეუწყვიტოს დაფინანსება იმ უმნიშვნელოვანესი პროექტებისთვის, რასაც ამ პერიოდში აფინანსებს. ექსპერტები ღიად საუბრობენ იმ ძალიან საშიშ შედეგებზე რაც შესაძლოა მოიტანოს სავალუტო ფონდთან ურთიერთობის გაფუჭებამ.
ეროვნული ბანკის საბჭოს სულ 9 წევრი უნდა ჰყავდეს. მათ შორის, აღმასრულებელი წევრები, როგორიცაა - პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები და ასევე არააღმასრულებელი წევრები. კანონის მიხედვით , აღმასრულებელი წევრების რაოდენობა არ უნდა იყოს არააღმასრულებელი წევრების რაოდენობაზე მეტი. ახლა მმართველი გუნდი სწორედ ამ კანონის შეცვლას ცდილობს და სურს საბჭოში დაამატოს პირველი ვიცე პრეზიდენტის პოზიციაც და თავისთვის სასურველი კანდიდატი დანიშნოს. ასე აღმასრულებელი წევრების რაოდენობა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ეს არსებული კანონით არის გათვალისწინებული, რაც შექმნის მაღალ ალბათობას, რომ საბჭოში აღმასრულებელი წევრები უმრავლესობაში იქნებიან და შესაბამისად გადაწყვეტილებებსაც სწორედ ისინი მიიღებენ.
ოცნებას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჯერ კიდევ ვეტოს დაძლევამდე მოუწოდა, არ შეეტანა კანონში ეს ცვლილებები, რადგან გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციის ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს და კანონი მაინც მიიღეს. ოცნების ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა მსოფლიო ბანკმა - განცხადებაში ნათქვამია, რომ გაუგებარია, რაში ჭირდებოდა საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი ცვლილებები და რომ აუცილებელია ფინანსურმა უწყებამ გავლენებისგან თავისუფალი ფუნქციონირება განაგრძოს.
სატელევიზიო ინტერვიუში ქართული ოცნების თავმჯდომარემ აღიარა, რომ მათ სურთ ჰქონდეთ გავლენა ეროვნული ბანკის მუშაობაზე და თავად აკონტროლებდნენ უწყების გადაწყვეტილებებს.
ოცნება ახლა თავს ესხმის ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს. ამ შემთხვევაში კი, საქართველოს შესაძლოა ის უდიდესი ფინანსური დაფინანსება შეუწყდეს, რასაც უკვე წლებია, სავალუტო ფონდისგან იღებს.