"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის. ადვოკატებს შესაბამისი სარჩელის მოსამზადებლად 4 თვე აქვთ.
ნიკა გვარამიას უფლებადამცველების თქმით, მტკიცებულებები ბევრია როგორც ფორმალურ, ასევე საქმის შინაარსობრივ ნაწილიში.
სტრასბურგში ნიკა გვარამიას საქმეზე ადვოკატები 2 მუხლის დარღვევას იდავებენ. ესაა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და პოლიტიკური მოტივით დევნა.
"სტრასბურგის სასამართლოს დასჭირდება გარკვეული დრო, მათ შორის იმ საქმეებზეც კი, სადაც პრიორიტეტი აქვს სასამართლოს მინიჭებული. ყველაზე ოპტიმისტურ ნაწილში, წელიწადნახევარი, ორი წელი სჭირდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე არ არის გამორიცხული, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადა უკვე ამოწურული იყოს, მაგრამ ეს ჩვენ სამოქმედო გეგმას არ ცვლის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის.
გვაქვს უამრავი არგუმენტი, თუ რატომ არის ნიკა პოლიტპატიმარი. დაწყებული პროცედურული დარღვევებით, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით გამოიხატა, ასევე გაგრძელებული შინაარსობრივი დარღვევებით, როდესაც დანაშაულად მიიჩნიეს ისეთი შედეგები, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის სფეროს და თეორიულადაც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, პროკურატურის ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
ასევე ყურადღებას გავამახვილებთ უზენაეს სასამართლოზე, რომელმაც ჩვენი საკასაციო საჩივარი არც კი განიხილა, იმისდა მიუხედავად, რომ ყველა პრიორიტეტული ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ყველა დაწესებულება, ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოთხოვნა ნიკა გვარამია გათავისუფლებაა და უზენაესმა სასამართლომ საჩივრის განხილვის ღირსადაც არ ჩათვალა ეს საქმე, რაც ცხადია შეგნებულად იქნა გაკეთებული" - ამბობს დიტო საძაგლიშვილი
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.
იხილეთ ასევე: