
"თავისუფლებას, მშვიდობასა და სოლიდარობას ალტერნატივა არ გააჩნია!" - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება. ამ თემასთან დაკავშირებით პოსტი მან საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, "მთავარი არხის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ისმოდა კითხვა, უწყებებისა თუ მთავრობის პოსტების შემდეგ, სად იყო სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი წერს, რომ დღესაც და 2008 წლის აგვისტოშიც ჩვენი პასუხი უტეხი სულისკვეთება იყო. მისი თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია გადარჩენის უზარმაზარი ჟინი და ენერგია.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ოკუპაცია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის უდიდესი ტკივილია და ამ ტრაგედიას საოკუპაციო ხაზის ორივე ხმარეს ერთნაირად განიცდიან.
ვერც ომმა, ვერც ჩვენი ტერიტორიების 20%- ის ოკუპაციამ და ვერც ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და იდენტობის შელახვამ გავლენა ვერ მოახდინა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე. რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს, გამხდარიყო ღირსეული, ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. არ შეჩერდა წინსვლა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
ზურაბიშვილის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში ქართველმა ხალმხა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნება. ",დადო შედეგი! ეს და სხვა მრავალი წარმატება წარმოადგენს ტრაგედიასა და ომზე რეალურ, გრძელვადიან გამარჯვებას".
მოთმინება და მშვიდობიანი გზის არჩევა არ ნიშნავს დავიწყებას, ან შეგუებას. შერიგება, დაპირისპირების გადალახვა და წარსულიდან საერთო მომავლის კონტურების დასახვა ჩვენი მიზანია. რუსეთმა კი, უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიგოს, რომ ომით მოპოვებული ტერიტორია, ძალით ოკუპირებული და შიშით დატყვევებული მოსახლეობა რეგიონს ვერც სტაბილურობასა და ვერც კეთილდღეობას ვერ მოუტანს, - წერია განცხადებაში.
პრეზიდენიტს თქმით, მსოფლიო გლობალური საფრთხეები დღეს ახალ მიდგომებს მოითხოვს და "წარსულში ჩარჩენილი ძალმომრეობითი პოლიტიკა ანაქრონულია", რადგან ამ გამოწვევების წინაშე უძლურია.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.