
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რაჭის რეგიონში ერთ კვირაში სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. ამ თემაზე პრემიერმა განცხადება ადგილობრივებთან ვიზიტის შემდეგ გააკეთა.
დღეს, მე რაც ვნახე, ფაქტობრივად, მაღალი გამავლობის მანქანისთვის ყველა სოფელი მისაწვდომია, შესაბამისად, ვერტმფრენები აღარ დაგვჭირდება და სოფლებთან გადაადგილება იქნება მაღალი გამავლობის მანქანებით. მსუბუქი მანქანებისთვის ალბათ დაგვჭირდება კიდევ 3-4 დღე. აღდგენილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება. ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება, - წერია პრემიერის განცხადებაში.
პრემიერის განცხადებით, დავალება მიეცა ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ ყოველდღიურ სატელეფონო კავშირზე იყვნენ მოსახლეობასთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მალევე მოხდეს მათი გასახლება და ევაკუაცია.
შეგახსენებთ, რომ წყალუხვი და გადაუღებელი წვიმების შედეგად რაჭაში ადიდდა მდინარეები, რომლებმაც ხის და რკინის კონსტრუქციის ხიდები წაიღო, დააზიანა გზები და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. გარესამყაროს მოწყვეტილი იყო სულ 12 სოფელი. 31 ივლისს კი რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე პოსტიდან გადადგა.