არ ვერევით ამ საქმეში აშშ-ის საელჩოსგან განსხვავებით, არავითარი მედიამენეჯერი გვარამია არ არის - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "აშშ-ის საელჩოსგან განსხვავებით", ნიკა გვარამიას საქმეში არ ერევა და პოლიტიკური კომენტარებისგან თავს იკავებს. 

"რაც შეეხება გვარამიას საქმეს, ჩვენ არ ვერევით ამ საქმეში. შესაბამისად, თავს ვიკავებთ შეფასებებისგან. სამწუხაროდ, განსხვავებით, ამერიკის საელჩოსგან. ჩვენ ვიცავთ სტანდარტს და სტანდარტი არის ის, რომ როდესაც სასამართლოს გამოაქვს გარკვეული გადაწყვეტილება, აქ ზედმეტია პოლიტიკური კომენტარები," - განაცხადა კობახიძემ. 

მედიასთან საუბრისას ის ასევე ამტკიცებს, რომ კანდიდატის სტატუსი და ნიკა გვარამიას საქმე არავითარ კავშირში არაა.

"​არავითარ კავშირში არ არის გვარამიას საქმე და კანდიდატის სტატუსი. არავითარ კავშირში არ შეიძლება იყოს გვარამიას საქმე და კანდიდატის სტატუსი. ჯერ ერთი, ყველამ იცით, რომ არავითარი მედიამენეჯერი გვარამია არ არის. არაფერი არ წერია. არსად არაფერი არ წერია. ვერავითარ კავშირში ლოგიკურად ვერ იქნება გვარამიას გათავისუფლება და კანდიდატის სტატუსის მიღება. გვარამია იხდის სასჯელს კონკრეტული დანაშაულისთვის. მან მოჰპარა კერძო კომპანიას, თავისუფალ მედიას 7 მილიონი ლარი, რადგან იცოდა, რომ ეს კომპანია ჰქონდა გადასაცემი კანონიერ მფლობელზე," - ამტკიცებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. 

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა და მისი სარჩელი არც კი განიხილა, აშშ-ის საელჩომ გუშინ, 20 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კიდევ ერთხელ გამოხატავდნენ ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო. 

კობახიძემ დიპლომატიური უწყების ამ განცხადებას მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი