
12 წელი აგვისტოს ომიდან და აქცია ენგურის ხიდზე - "ევროპული საქართველოს" მიერ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი გიგი უგულავა დღეს ენგურის ხიდზე მხარდამჭერებთან და ადგილობრივებთან ერთად მივიდა, აგვისტოს ომის დღეები გაიხსენა და რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.


ამაღელვებელი და ტრაგიკული დღე, როდესაც რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და დაგვიტოვა ტკივილი, დახოცილი ადამიანები, უამრავი დევნილი და გააცოცხლა ის ჭრილობა, რომელიც 90-იანი წლებიდან გვტანჯავდა. ეს დღე უნდა იყოს ერთობის, გახსენების დღე, დღე, როდესაც ჩვენ ყველანი მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ამ უბედურებას ერთიანი თვალით უნდა უყურებდეს. პუტინის რუსეთი არის დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მტერი და აქ არ შეიძლება არსებობდეს ორი აზრი - საქართველო არასდროს იქნება დაჩოქილი. საქართველო ყოველთვის იბრძოლებს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის... ზუგდიდში ოკუპაციის სიმძიმე განსაკუთრებით იგრძნობა, აქედან ერთი ხელის გაწვდენაზეა ოკუპირებული აფხაზეთი. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია, მაგრამ გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ფარავს და მოიცავს მთლიანად ჩვენს თავისუფლებას და დემოკრატიას, - ამბობს უგულავა.
მისივე თქმით, საქართველოს დღეს მართავს ადამიანი, რომელიც არის: "მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, საზოგადოებრივად აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა". უგულავა ამბობს იმასაც, საქართველო საბჭოთა მენტალობასა და ტრადიციას, ასევე რუსეთის ორბიტას, ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში, თავს ვერ დააღწევს.
შეგახსენებთ, რომ "ევროპულმა საქართველომ" გიგი უგულავა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად 3 აგვისტოს წარადგინა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა.170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია.
ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.
ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.