ვირტუალური ხელისუფლება - აგვისტოს ომის 12 წლისთავი

გამოქვეყნდა:

უმძიმესი და ტრაგიკული თარიღი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც თითოეული ქართველის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლების პირველმა პირებმა სოციალურ ქსელში მოკრძალებული და არაფრისმთქმელი განცხადებებით აღნიშნეს. სისხლისმღვრელი ომის წლისთავზე მთავრსარდალმა მთავრობის მეთაურმა და მინისტრთა კაბინეტის წევრმა რუსული ოკუპაციის დასაგმობად Facebook-სა და Twitter-ში გაკეთებული განცხადებებით დაკმაყოფილდნენ.

პრემიერმინისტრი კამერების წინ მხოლოდ დღის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა რუსულ აგრესიასა და სამხედრო ინტერვენციაზე განცხადება მედიასთან არც ამჯერად გაუკეთებია. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ხელისუფლების ეს ქმედება რუსული ნარატივია. 

საქართველოს ხელისუფლებას თუ შეეკითხებით, ძალიან ფორმალურ-სამართლებრივ პასუხს გაგცემენ რომ იმ ერთადერთ დოკუმენტში, რომლითაც ომის ფაქტი არის დადასტურებული, საქართველოში 8 აგვისტო წერია. სინამდვილეში, ბუნებრივია, არაფერი უშლით ხელს რომ ღონისძიებები იყოს 7-შიც, 8-შიც და საერთოდ, 365 დღის განმავლობაში. ეს არის პირდაპირ რუსული ნარატივი და შესაბამისად, ეს არის ყოველდღე რასაც კრემლი გვეუბნება, აბა სად არიან თქვენი პარტნიორები? აბა სად არიან ნატო-ს ჯარები? როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ამავე ტერმინოლოგიით, ამავე ნარატივით, ამავე წინადადებებით გველაპარაკოს, - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 2008 წლის  7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმსხვერპლა.170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაშივე დევნილობაშია 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია.

ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.

ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი