
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუას განაჩენი შესაძლოა დღეს გამოაცხადოს. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს და განაჩენის გამოცხადება დამოკიდებულია, რა დრო დასჭირდებათ მხარეებს.
სხდომას ესწრება თავად ესებუაც.
შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკში" შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ცნობისთვის, დაკავების შემდეგ ესებუას პროკურატურამ ახალი ბრალიც წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე. ამ საქმეზე ზუგდიდის სასამართლომ ის 5 აპრილს დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.