პუტინი და პრიგოჟინი არ არიან ბელარუსის მეგობრები. თქვენ არ ხართ ვალდებულები აირჩიოთ მხარე - ტიხანოვსკაია ბელარუსებს

გამოქვეყნდა:

ბელარუსის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსელი სამხედროებისთვის და სამოქალაქო პირებისთვის მიმართვას ავრცელებს.

როგორც სვეტლანა ტიხანოვსკაია ვიდეომიმართვაში ამბობს, პუტინი და პრიგოჟინი არ არიან ბელარუსის მეგობრები და ბელარუსები არ არიან ვალდებულები დაპირისპირებულებს შორის მხარე აირჩიონ.

"პუტინი შეეცდება ბელარუსი ჩართოს მის შიდა კონფლიქტში, რომ ის ჩვენი კონფლიქტიც გახდეს. მე მინდა მოვუწოდო ბელარუს დიპლომატებს, სამხედროებსა და უსაფრთხოების ძალებს, რომ ახსოვდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესები. პუტინი და პრიგოჟინი არ არიან ბელარუსის მეგობრები. თქვენ არ ხართ ვალდებულები აირჩიოთ მხარე. ბელარუსებმა უნდა დაიცვან საკუთარი ქვეყანა.  

ბელარუსების მთავარი მისია ახლა მისი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება უნდა იყოს. რათა დაიცვას ქვეყანა იმისგან, რადაც რუსეთი გადაიქცა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის", - ამბობს ტიხანოვსკაია მიმართვაში. 

ოპოზიციონერმა ბელარუსის ჯარსაც მიმართა და თქვა, რომ ახლა საუკეთესო დროა რუსეთის სამხედროების ქვეყნიდან გაძევებისთვის. 

"თუ ჩვენ ამ შანსს გავუშვებთ ხელიდან, რუსეთი იმავეს გაგვიკეთებს, რაც უკრაინას გაუკეთა", - მიმართავს პოლიტიკოსი ჯარისკაცებს. 

იგი რუსეთთან საზღვრების დაკეტვის მოწოდებითაც გამოდის და წერს, რომ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ოპერატიული შტაბი ბელარუსის დემოკრატიული ინსტიტუტებთან და აქტივისტებთან კოორდინაციისთვის. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი