რუსი ულტრანაციონალისტი და ოკუპირებული დონეცკის ე.წ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური, იგორ გირკინი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პოსტი სხვას უნდა დაუთმოს.
გირკინის თქმით, პუტინმა ვერც უკრაინაში ომს და ვერც ბოლო დღეებში განვითარებულ იმ მოვლენებს უხელმძღვანელა.
"მოქმედი სისტემა პირველი პირების უპასუხისმგებლობაზეა აგებული. თუ პრეზიდენტი არ იღებს ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას დიდი და სერიოზული ომისთვის, როგორ უნდა გვქონდეს იმედი, რომ სხვა ჩინოვნიკები აგებენ პასუხს თავის ქმედებებზე. თუ მოქმედი პრეზიდენტი არ არის მზად, უხელმძღვანელოს ქვეყნის სამხედრო რელსებზე გადაყვანას, თუ არ არის მზად უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებებისთვის, მაშინ მან უბრალოდ, აუცილებელია პოსტი გადასცეს მათ, ვინც ამ მძიმე სამუშაოსთვისაა მზად - რა თქმა უნდა, კანონიერი გზით. თევზი თავიდან ყარს და მკურნალობაც სწორედ იქიდან უნდა დაიწყოს.
ვაგნერის აჯანყებამ დაადასტურა, როგორ შეუძლია კბილებამდე შეიარაღებულ არმიას ერთ დღეში მოსკოვამდე მისვლა სახელმწიფო ორგანოებისა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და ეს რომ მომხდარიყო რიგითი მოქალაქეები ამას ხელს ვერ შეუშლიდნენ და ჩვენც ვერ გავუწევდით წინააღმდეგობას", - თქვა მან.
23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.
რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს - ისინი პასუხს აგებენ.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.