ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის დასაცავად - პუტინის თქმით, ყველა დამნაშავე გარდაუვალ სასჯელს მიიღებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას 5-წუთიანი ვიდეოთი მიმართა. მან გაიმეორა მანამდე თავდაცვის სამინისტროს მიერ გაჟღერებული პოზიცია, რომ სამხედროების ნაწილი მოტყუებითა და მუქარით ჩართეს შეიარაღებულ აჯანყებაში. 

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი მისი ხალხის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და უფლებებისთვის იბრძვის - "რომ ვიყოთ რუსეთი - სახელმწიფო ათასწლოვანი ისტორიით". 

"ეს ბრძოლა მოითხოვს ყველა ძალის გაერთიანებას და კონსოლიდაციას, როდესაც ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის, გვერდით უნდა იქნას გადადებული. ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ერთიანობას არღვევს, არის ფაქტობრივად საკუთარი ერის ღალატი, იმ მეგობრების ღალატი, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ერისთვის ზურგში ჩაცემული ლახვარი. სწორედ ასეთი რამ მოხდა 1917 წელს, როდესაც ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში იყო ჩართული, რასაც მოჰყვა სამოქალაქო ომი, სახელმწიფოს დაცემა და უზარმაზარი ტერიტორიების დაკარგვა. ჩვენ ამის გამეორებას არ დავუშვებთ და დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან ასევე შიდა მოღალატეებისგან", - თქვა პუტინმა.

მისივე განცხადებით, აჯანყებულებს გარდაუვალი სასჯელი ელით და შეიარაღებულმა ძალებმა, სამთავრობო უწყებებმა მიიღეს საჭირო ბრძანებები. პუტინის თქმით, ვინც მოაწყო და მოამზადა სამხედრო აჯანყება, ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს - ისინი პასუხს აგებენ. 

"მოვუწოდებ მათ, ვინც ამ დანაშაულშია ჩათრეული, არ დაუშვან საბედისწერო და ტრაგიკული, უნიკალური შეცდომა, გააკეთონ ერთადერთი სწორი არჩევანი - შეწყვიტონ მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებებში", - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, სჯერა, რომ გადალახავენ ნებისმიერ განსაცდელს და კიდევ უფრო გაძლიერდებიან.

"როგორც რუსეთის პრეზიდენტი და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის დასაცავად, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, ჩაიდინა დანაშაული და პასუხს აგებს", - თქვა პუტინმა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი