
"ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის ვიზიტთან დაკავშირებით ამბობს, რომ დელეგაცია ხელისუფლებისგან მიიღებს ფაქტებს, რომ საქართველო წესებს იცავს.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას ექნება მცდელობები ვიზიტი სკანდალურად და სენსაციად მონათლოს.
"ყველა ადამიანი ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მიიღებს ფაქტებს და მიიღებს კონკრეტულ ინფორმაციას, რომ ეს წესები არის დაცული საქართველოში. ამიტომ, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობები, რომ ეს ვიზიტი რაღაც სენსაციად მონათლოს, სკანდალურად მონათლოს, მაგრამ ეს არის საქმიანი ვიზიტი და ხელისუფლებას ექნება საქმიანი პასუხები", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ო’სალივანი თბილისს ორდღიანი ვიზიტით დღეს ეწვევა. ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.