დღეს თბილისს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა

გამოქვეყნდა:

დღეს, 26 ივნისს, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში, ხვალიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან  არჩილ მესტვირიშვილთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან.  დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთან.

ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი