
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტს ამჯერად რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ მოწოდების გამო აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის უადგილო იდეებზე იყოს აყოლილი.
"ის ხალხი, რომლებიც სოციალურ ქსელში, იქნებიან ეს თავს ხან ექსპერტებს ეძახიან, ხან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხან მედიის წარმომადგენლებს. ერთხელ, ორჯერ და შვიდჯერ რომ სიყალბეს გაავრცელებენ, მერვედ ხომ აღარ უნდა ვენდოთ ამ ადამიანებს. ერთი და მეორე, როდესაც 7-ჯერ ავრცელებენ დეზინფორმაციას, მიყოლებით, აქ უკვე ემოციები, შეცდომაში შეყვანა კი არა, ეს არის პირდაპირ გამიზნული ტაქტიკა, ჰიბრიდული ომის ტაქტია არის, რომ პანიკა გამოიწვიონ საზოგადოებაში, დაბნეულობა გამოიწვიონ და კონსპირაციის თეორიები შექმნან.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით, მე მგონი კიდევ ერთხელ აქაც უნდა დავფიქრდეთ რაზეა საუბარი, არასერიოზულია უკვე ამდენჯერ გამეორება, მართლა ხომ არ შეიძლება ზოგიერთი ე.წ. უსაფრთხოების ექსპერტის რაღაც, ბოდიში და, უადგილო ნათქვამ რაღაც იდეებზე იყოს აყოლილი ესა თუ ის სახელმწიფო ინსტიტუტი", - თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 ივნისს, პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. სალომე ზურაბიშვილმა, ასევე განაცხადა, რომ შესაძლო მიგრაციის ახალი ტალღების გათვალისწინებით ჩვენი საზღვარი მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს.