თუ რუსეთი დაინგრევა, ნანგრევების ქვეშ მოვყვებით, ყველანი დავიხოცებით - ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 23-24 ივნისს რუსეთში მომხდარ სამხედრო არეულობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის როლს ვაგნერის ჯგუფის შეიარაღებული აჯანყების მცდელობის ჩახშობაში.

ლუკაშენკომ მოსკოვსა და ვაგნერის დაჯგუფებას შორის შემდგარ შეთანხმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მას სურდა თავიდან აეცილებინა რუსეთში სისხლის ღვრა, თუმცა არ უთქვამს მედიაციის დეტალები.

"ამ სიტუაციის მოგვარებაში ბელარუსის როლის გათვალისწინებით, აქ უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა მომხდარის შესახებ და განვმარტო ჩვენი პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილებები. როცა რუსეთში მოვლენების განვითარება დაიწყო, მე გავეცი ბრძანება ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყო. [ბელარუსის] შეიარაღებული ძალები, მათ შორის პოლიცია და სპეცრაზმი, სრულ მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი.

არავითარ შემთხვევაში დაგვიძახოთ გმირები არც მე, არც პუტინს და არც პრიგოჟინს, რადგან სიტუაცია გაგვექცა და შემდეგ გვეგონა, რომ მოგვარდებოდა, თუმცა არ გამოვიდა პრობლემის გადაწყვეტა და ორი ადამიანი, რომელიც ფრონტზე იბრძოდა, ერთმანეთს შეეჯახა. აქ არ არიან გმირები...ჩემი პოზიციაა, რომ თუ რუსეთი დაინგრევა, ჩვენ ყველა ნანგრევების ქვეშ მოვყვებით, ყველანი დავიხოცებით", - თქვა ლუკაშენკომ.

23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პრიგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და  ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.

რუსეთში სამხედრო არეულობას 24 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს - ისინი პასუხს აგებენ. 

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით მხარეებს შორის შეთანხმება დაიდო. პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა, ამბოხის გამო მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება კი შეწყდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი