თუ რუსეთში შეიარაღებული აჯანყება გაგრძელდებოდა, ბელარუსზეც აისახებოდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ერთობლივი ქმედებების განხორციელება ნეგატიური სცენარის თავიდან ასაცილებლად - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი პრიგოჟინის აჯანყებაზე საუბრისას და "ვაგნერის" ხელმძღვანელთან მოლაპარაკებების დეტალებს იხსენებს.
განცხადება ლუკაშენკომ მაღალი რანგის ოფიცრების დაჯილდოების ცერემონიალზე გააკეთა.
"მე ვუთხარი: ”ჟენია, არავინ მოგცემთ არც შოიგუს და არც გერასიმოვს, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში. თქვენც ისევე იცნობთ პუტინს, როგორც მე. მეორეც, ის არამარტო არ შეგხვდება - ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება." ის დუმს. „მაგრამ ჩვენ სამართლიანობა გვინდა! ჩვენი დახრჩობა უნდათ! ჩვენ წავალთ მოსკოვში!“ მე ვეუბნები: „შუა გზაზე უბრალოდ ბუზივით გაგჭყლეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარები ფრონტზე არიან. იფიქრეთ, ამაზე"
დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი მის დარწმუნებას და ვუთხარი, მე ნუ მიწყენ, ბრიგადა მზადაა მოსკოვში გადასასროლად და როგორც 41-ში, ჩვენ დავიცავთ მოსკოვს." იხსენებს ლუკაშენკო პრიგოჟინთან მოლაპარაკების დეტალებს.
შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობით, პროგოჟინმა მოსკოვისკენ სვლა შეწყვიტა და მოტივად "რუსების სისხლისღვრის" საფრთხე დაასახელა. ამის შემდეგ ის ბელარუსში გადავიდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ლუკაშენკომ დღეს დაადასტურა და აღნიშნა, რომ "ვაგნერის" ხელმძღვანელი მათ ქვეყანაშია.