სანქციების კოორდინატორებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში შეხვედრა გამართეს. მათ ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულება იყო
"საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან ჯიმ ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან და დელეგაციის სხვა წევრებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსური სანქციების აღსრულებას, რომელიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს.
"ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, საქართველოს საფინანსო სექტორში ყველა იმ რეგულაციის და შეზღუდვის დაცვას, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესდა“, აცხადებს ნათია თურნავა.
სანქციების უმაღლესი კოორიდნატორები თბილისში ვიზიტისას შეხვდნენ პრემიერს, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს. დღეს კი ისინი შემაჯამებელ პრესკონფენეციას გამართავენ.