ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მმართველობის ვადის კიდევ 4 წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა. ლერი ხაბელოვი, პარლამენტის 2 მოწვევის დეპუტატია "ქართული ოცნების" გუნდიდან. ყოფილი მოჭიდავე, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პარალელურად აირჩიეს, თანამდებობაზე ყოფნის 8 წელს ითვლის. აღმასრულებელი კომიტეტის 10 აგვისტოს ჩანიშნულმა შეხვედრამ კი შესაძლოა მას თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ერთი ვადით გაუხანგრძლივოს.
გია ნაცვლიშვილი ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტია. ის ამ არჩევნებზე ლერი ხაბელოვის კონკურენტი იქნება. ახლა, როცა მოქმედ მმართველს არჩევნების ჩატარება დეკემბრის ნაცვლად სექტემბერში სურს, დარმწუნებულია, რომ გადაწყვეტილება, ვადამდე ჩატარდეს არჩევნები, პოლიტიკური იქნება. ამ გადაწყვეტილებით კარგად ჩანს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ლერი ხაბელოვს "ქართული ოცნების" პოლიტიკური მარცხის ეშინია და ოლიმპიურ კომიტეტში პოზიციების გამყარებას ცდილობს.
არჩევნების ბედი ახლა 16 წევრით დაკომპლექტებული აღმასრულებელი კომიტეტის ხელშია. დელეგატებმა 10 აგვისტოს ჩანიშნული შეხვედრის შესახებ იციან, თუმცა მათი ნაწილისთვის კითხვის ნიშნებს ბადებს, რატომ დაიწყო არცევნების თარიღის სექტემბერში გადმოწევაზე საუბარი მაშინ, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
არჩევნების თარიღის შესაძლო გადმოწევის რეალური მიზეზის გასაგებად კომიტეტის მოქმედ პრეზიდენტს დავუკავშირდით, თუმცა ლერი ხაბელოვი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მის ნაცვლად გვიპასუხა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. შოთა ხაბარელი გვიდასტურებს, რომ თარიღის შეცვლაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ამას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციით ასაბუთებს. არსებობს თუ არა ამ რეკომენდაციის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, შოთა ხაბარელი ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.
ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილება ეჭვებს უჩენთ ვეტერან სპორტსმენებსაც. მაშინ როცა პანდემიის გამო მსოფლიოში სპორტული აქტივობები შეჩერებულია ოლიმპიურმა თამაშებმა ერთი წლით გადაიწია,სპორტსმენებს უჩნდებათ კითხვა - რატომ ცდილობს კომიტეტი ნაჩქარევად არჩევნების ჩატარებას.
შემოდგომა, როგორც ჩანს, არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სპორტულადაც საკმაოდ ცხელი და აქტიური იქნება. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არცევნები 1989 წლიდან მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმართება. 31-წლიანი ტრადიციის განმავლობაში სპორტულ არჩევნებს არაერთხელ ჩაუვლია პოლიტიკური ვნებათა ღელვის ფონზე. 10 აგვისტოს ჩანიშნულ შეხვედრაზე კი 16 დელეგატმა უნდა გადაწყვიტოს მიეცემა თუ არა ლერი ხაბელოვს შანსი გახდეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მესამე ვადით.