არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2022 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებების ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ცნობით, შესწავლილმა 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამურად 16,927,785 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და 16,074,245 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რაც 2021 საარჩევნო წელთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია.
TI აღნიშნავს, რომ ყველა პარტიის შემოსავლების 37% - 6,191,423 ლარი და ხარჯების 39% - 6,281,984 ლარი "ქართულ ოცნებაზე" მოდიოდა. ამავდროულად, პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 76% - 12,925,153 ლარი სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 24% - 4,002,632 ლარი კი კერძოზე. 16-დან 8 პარტიის შემოსავლების 90%-ზე მეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება შეადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ცალკე გამოყოფს რამდენიმე პრობლემურ ტენდენციას პარტიული დაფინანსებების მიმართულებით:
- კვლავ პრობლემას წარმოადგენს მმართველი პარტიის შემომწირველების მიერ მრავალმილიონიანი სახელმწიფო შესყიდვების (ტენდერები, პირდაპირი შესყიდვები) კონტრაქტების მოპოვების ფაქტები, რომელიც კორუფციული გარიგებების ეჭვს აჩენს
- პრობლემურია შესაძლო მესამე პირების მეშვეობით განხორციელებული შემოწირულებები, როდესაც შეწირული თანხის წყარო სინამდვილეში არა დონორი, არამედ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირია. ასეთი ქმედება კანონმდებლობით აკრძალულია
- კვლავ არსებითია ფინანსური უთანასწორობა მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის. პრობლემურია პარტიების მსხვილ დონორებზე დამოკიდებულება. მცირერიცხოვან, მაგრამ მსხვილ დონორებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული თანხის დაახლოებით 50% მოდიოდა
- პრობლემურია საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც „ლელოს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდა (მათი წევრების მიერ პარლამენტის დატოვების საფუძვლით). ცვლილების შედეგად „ლეიბორისტული პარტიის” მთლიანი შემოსავალი წინა წელთან შედარებით 75%-ით შემცირდა
- კანონმდებლობის ცვლილების შედეგად პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს 2023 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. ანტიკორუფციული ფუნქციების ერთ ინსტიტუციაში მოქცევა მისასალმებელი და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია. თუმცა, ცენტრალიზებული მოდელი მუშაობს მხოლოდ ამ ინსტიტუციის რეალური დამოუკიდებლობისა და მისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში
- სასურველი ეფექტი ვერ ექნება ცვლილებას, რომლითაც პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების მანამდე არსებული ზედა ზღვარი - ქვეყნის წინა წლის მშპ-ს 0.1% - განახევრდა და გახდა მშპ-ს 0.05%, თუმცა მაინც არაადეკვატურად მაღალია.
ორგანიზაცია ანგარიშში საუბრობს სავარაუდო კორუფციის ოთხ შემთხვევაზეც. ოთხივე მათგანი "ქართულ ოცნებასთან" არის დაკავშირებული:
- „ქართული ოცნების“ ორ შემომწირველთან (მათ 2022 წელს „ქართულ ოცნებას“ 40,000 ლარი შეწირეს) დაკავშირებულმა შპს „გზამ“ 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდში 118 მილიონი ლარის ოდენობის 12 ტენდერი მოიგო. ამ კომპანიას 2011 წლიდან 245 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული, ხოლო მასთან დაკავშირებულ პირებს მმართველი პარტიისთვის 220,000 ლარი აქვთ გაღებული
- კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავდა ჯონი ჯინჭარაძის და მარინა დეხტიარევის მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული შემოწირულებები (ჯამში 40,000₾). თანხის გაღებიდან 17 დღეში მათთან დაკავშირებულ სამშენებლო კომპანიას (რომლის მესაკუთრეებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან) ხელვაჩაურის საკრებულომ, ბათუმთან ახლოს, სალიბაურის მაღლობზე, 16,000 კვ.მ. ფართობზე, პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) ერთხმად დაუმტკიცა
- ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა 7 პირმა 2022 წელს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 250,000 შეწირა. ამავე პირებს 2011 წლიდან მმართველი პარტიისთვის 1.8 მლნ ლარზე მეტი აქვთ შეწირული
- შემომწირველებიდან გამოიკვეთა რამდენიმე მცირე ჯგუფი, რომლებსაც ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში აქვთ მმართველი პარტიისთვის თანხა შეწირული და როგორც წესი სხვადასხვა გზით (ბიზნესი, ნათესაობა) არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს გარემოებები აჩენს ეჭვებს, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა.