
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა. რიგგარეშე სესიაზე ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს.
ცვლილებები სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების ახლებურად განსაზღვრას ითვალისწინებს.
როგორც მომხსენებელმა თამარ გაბუნიამ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებით ადმინისტრირების "უფრო მოქნილი მექანიზმები შემუშავდა," ასევე "დაიხვეწა" სამართლებრივი ურთიერთობები.
"მნიშვნელოვანი მოდელი დაკანონდება ამ პროექტების ამოქმედებით, რაც, ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად გაზრდის პაციენტის დაცულობას ჯანდაცვის სისტემაში და ხელს შეუწყობს სამედიცინო პერსონალის ეფექტურ და უსაფრთხო საქმიანობას," - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, აღნიშნულ კანონპროექტს მედიკოსები აკრიტიკებდნენ და ეჭვობდნენ, რომ ახალი რეგულაციების შემოღებით სამინისტრო სამედიცინო ბიზნესის მარწუხებში მოქცევას ცდილობდა.