ახალქალაქის სოფელ კულიკამში, მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დაპირისპირების შესახებ ჯერ არ საუბრობს. "მთავარ არხთან" კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კაცის მოკვლის შემდეგ გუშინ, 8 აგვისტოს გვიან ღამით ახალქალაქში მდგომარეობა დაიძაბა. სოფლიდან წასულმა ჯგუფმა ადგილზე საცხოვრებელი სახლები დაარბია, დალეწეს ფანჯრები, კარებები, დაზიანებულია ერთ-ერთი სასტუმროც. დარბევის შედეგად ადგილზე ცეცხლიც გაჩნდა.
ტერიტორია სპეცრაზმმა უკვე დატოვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილზე რჩებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. დაპირისპირებისას გარდაიცვალა 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც ადგილობრივი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.