"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია მესამე პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა. მისივე თქმით, იმ ნაბიჯის ფონზე, რაც უკრაინის მხრიდან უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარაა საინტერესო.
"აღარ არის უკვე საინტერესო, იმ ნაბიჯის ფონზე რაც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარ არის საინტერესო. სამწუხარო რეალობაა. რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციების ვერ დაიწყება. [კონსულტაციებსაც არ გამართავთ ელჩთან?] აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულის გამო, ღრმა შეშფოთება გამოხატა და უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას "საშინაო საქმეებში ჩარევა" უწოდა.