მოვუწოდებთ პროკურატურას, მშვილდაძეზე თავდასხმას მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია და გამოსაძიებლად გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - RLC

გამოქვეყნდა:

კანონის უზენაესობის ცენტრი (RLC) მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, რომ აღნიშნულ ფაქტს სწორი კვალიფიკაცია მიანიჭოს. 

RLC-ს განმარტებით, თავდასხმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, დანაშაულის ჩადენის პირველივე დღესვე მიუთითებდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე (დევნა სიტყვის, აზრის გამო და პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით).

RLC-ის თქმით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურს ექვემდებარება და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს. თუმცა, ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია დღემდე არ შეცვლილა.

"ამჯერად საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია შემთხვევის ახალი დეტალების შესახებ. დაზარალებულის მხრიდან გამოითქვა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ თავდასხმის განხორციელებაში ჩართული იყვნენ სახელმწიფო უწყების, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ტელევიზიით გავრცელდა აღნიშნული ეჭვის დამადასტურებელი მასალაც.

სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება წარმოადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას. სწორედ აღნიშნული ორგანოა ვალდებული აწარმოოს გამოძიება მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით და დაადგინოს მონაწილეობდნენ თუ არა თავდასხმაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, მიშა მშვილდაძის თავდასხმის ფაქტს მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ასევე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მიმართოს საქართველოს პროკურატურას ამ სისხლის სამართლის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 27 ივნისს ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს ტელეკომპანია "ფორმულამ" განაცხადა, რომ მშვილდაძეზე თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გიორგი მუმლაძეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი