გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მთხოვა ქვეყნის დატოვება კონსულტაციების გამართვის მიზნით - ელჩის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

უკრაინაში საქართველოს ელჩს პირადად მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება. გიორგი ზაქარაშვილის პირველ კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ქართველი დიპლომატი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, რომელმაც თბილისში დაბრუნება და მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციების გამართვა სთხოვა: 

"გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ბატონ პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრის მსვლელობისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია დავეთანხმეთ, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არაერთხელ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. 

აღინიშნა, რომ ცხადია, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციისათვის მათ შორის." აცხადებს ქართველი დიპლომატი გავრცელებულ აუდიოკომენტარში.

ზაქარაშვილი იმეორებს "ოცნების" ხელისუფლების განცხადებებს, რომ საქართველო უკრაინის გვერდში დგას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ამის დასტურად სხვადასხვა რეზოლუციები და ჰუმანიტარული დახმარებების გაგზავნა მოჰყავს.

ჯერჯერობით უცნობია ზაქარაშვილის თბილისში დაბრუნების კონკრეტული დრო, თუმცა როგორც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ის საქართველოში "უახლოეს პერიოდში" დაბრუნდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი