ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანიამ 2019-22 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 1,390,861 ლარი მიიღო - TI

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის, მარტინ გაბრიელიანის კომპანიამ 2019-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 1,390,861 ლარი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ავრცელებს. 

როგორც ორგანიზაცია წერს, გაბრიელიანის კუთვნილმა შპს "მეგობრობა-5-მა", 2019 წლის აგვისტოდან დღემდე, 36 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 1,390,861 ლარზე გააფორმა. აქედან 21 შესყიდვისთვის 667,186 ლარი ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა. 

გაბრიელიანი 2013 წლიდან დღემდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს: 

"მარტინ გაბრიელიანი 2013-2014 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მესამე მოადგილე იყო. 2014-2017 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მან საკრებულოში უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წლის სექტემბერში დააფუძნა შპს „მეგობრობა - 5“, რომლის მფლობელი და დირექტორიც თავადაა. კომპანია 2019 წლის გაზაფხულიდან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს. ბიზნესის პარალელურად, გაბრიელიანი 2020 წლის პირველი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სოფელ დილისკაში მერის რწმუნებულიც  იყო, 2021 წლის პირველი აპრილიდან დღემდე კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ააიპ „დახურული საცურაო აუზის“ დირექტორია. 

შპს „მეგობრობა - 5”-მა, 2019 წლის მაისიდან 2022 წლის ჩათვლით, ახალქალაქის საჯარო სკოლებში, ასევე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებში სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, 29 ტენდერი მოიგო, ჯამში, 1,095,796 ლარით. აქედან, 14 ტენდერი 372,121 ლარზე (33.95%) - ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. კომპანიამ ახალქალაქში  271,242 ლარის (72.8%) ღირებულების 10 ტენდერი უკონკურენტოდ და სხვა კომპანიების დისკვალიფიკაციით მოიგო",- წერს TI. 

TI აღნიშნავს, რომ ყველა პირდაპირი შესყიდვა მარტინ გაბრიელიანის კომპანიამ, მხოლოდ ახალქალაქის მერიიდან მიიღო. 2019-2020 წლებში, 7 გამარტივებული შესყიდვით შპს „მეგობრობა -5”-ს 295,065 ლარი დაერიცხა. ბოლო პირდაპირ შესყიდვაზე ხელშეკრულება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა  იურიკ უნანიანმა მარტინ გაბრიელიანთან, 2020 წლის პირველ სექტემბერს, სოფელ დილისკაში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69,889 ლარად გააფორმა. ამავე დღეს, მარტინ გაბრიელიანი მერმა ამავე სოფლის რწმუნებულად დანიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი