გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა 3 მილიონიან გირაოს და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილს ითხოვს.
„არ ვარ დამნაშავე. არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში. გარდა იმისა, რომ ერთი პიროვნება მედავება, რომ რაღაც ყოფილა, საქმეში მტკიცებულებები არ არის. რაც შეეხება კრიპტოვალუტას - ეს არის ნორმალური ბიზნესი, რითაც ბოლო 10 წელზე მეტია დაკავებული ვარ. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ეს იყოს აღქმული დანაშაულად?!" - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოზე.
ცნობილი ხდება, რომ პროკურატურა ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების მითვისებას ედავება. ამის შესახებ პროცესზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ოქმის წაკითხვის დროს განაცხადა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ის დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.