თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის უდანაშაულოა.
ბაჩიაშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც ის ამბობს, გაუგებარია, რატომ დაიწყო საქმეზე გამოძიება 8 წლის შემდეგ.
"ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო, არანაირი აქტი, რომელიც აქ იყო ნახსენები არ ჩამიდენია. შესაბამისად ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს. მეც გაოგნებული ვარ 8 წლის შემდეგ, როგორ შეიძლება.. ქვეყანაში ჩამოვედი 3 კვირის წინ, დატოვება რომ მდომოდა, საერთოდ არ ჩამოვიდოდი", - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მედიასთან კომენტარი გააკეთა ბაჩიაშვილის ადვოკატმაც. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბაჩიაშვილის საქმეზე პროკურატურა 8 წლის შემდეგ დაინტერესდა, მთელი ამ წლების განმავლობაში კი, ბაჩიაშვილი ისეთ კომპანიებში მუშაობდა, რომლებიც დღეს დაზარალებულ კომპანიასთანაა დაკავშირებული.
შეგახსენებთ, სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა. პროკურატურა 3 მილიონს ითხოვდა.
ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. როგორც ცნობილია, პროკურატურა მას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.
შემდეგი სასამართლო პროცესი 31 აგვისტოს ჩაინიშნა.